უკან დაბრუნება
გასტრონომიული იდენტობა
განსხვავებული კულტურული ტრადიციების მრავალფეროვნება გასტრონომიაში განსაკუთრებით საინტერესოდ აისახება. საკვების მომზადების წესებისა და თანმდევი ადათების, ჩვეულებების გაცნობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებების წყაროა. გორი ამ მხრივ გამორჩეული ადგილია. ხორცეულის, ფხალეულის, ცომეულის მომზადების ტრადიცია აქ ოსტატობადაა ქცეული. საგანგებოდ აღსანიშნავია წვნიანი კერძების მომზადების ტრადიცია ქართლში. შინდის, დოს, ღოლოს შეჭამანდები და პურის ხარჩო აქაური „საფირმო კერძებია“, შიდა ქართლის გასტრონომიულ კულტურაში ოსურ სამზარეულოსაც თავისი ადგილი აქვს. ოსურ კულინარიაში რძის პროდუქტები განსაკუთრებით ფასობს. პოპულარულია თხის ყველი, რომელსაც საუზმეზე მიირთმევენ ხოლმე. მისგან მზადდება ოსური ტრადიციული კერძი „ძიკა“. ზოგადად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რძის პროდუქტზე დაფუძნებული სპეციფიკური ღვეზელი ცხვება. შიდა ქართლში ამგვარი ღვეზლის სახეობაა ჭახრაკინა, რომელიც მხლოვანის სახელითაცაა ცნობილი.
რაც შეეხება გორულ კატლეტს, ეს რეგიონის კულინარიაში მეტ-ნაკლებად თანამედროვე მოვლენაა. ადგილობრივი კულინარების ინფორმაციით, კატლეტის უნიკალური ვარიაციის რეცეპტი გორელმა გივი აბუაშვილმა შექმნა.
გორისა და შიდა ქართლის კულინარია ქართული სამზარეულოს პალიტრაში უნიკალურ ადგილს იკავებს და „გემრიელ საბაბსაც“ წარმოადგენს რეგიონში სტუმრობისთვის.
მოგვიყევით მეტი
თუ თქვენ გაქვთ ინფრომაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.
მოგვწერეთ