გორიდან მანქანით ნახევარი საათის სავალ მანძილზე, სოფელ ერგნეთში, მდებარეობს 2008 წლის ომის მუზეუმი. ერგნეთელმა ლია ჩლაჩიძემ მუზეუმი საკუთარი სახლის სარდაფში გახსნა. მისი სახლი ერთ-ერთია იმათგან, რომელიც 2008 წელს საოკუპაციო ძალებმა ერგნეთში გადაწვეს. ფერფლითა და ნაცრით ამოვსებულ სარდაფშია ნაპოვნი პირველი ექსპონატები, გამურული და ალაგ ჩამოშლილი რიყის ქვის კედელი კი საკუთრივ ექსპონატია. აქ დღემდე თვალსაჩინოა ომის კვალი.
მუზეუმის დამაარსებლისა და აქაურობის მასპინძლის თქმით, ეს არაა „ომისა და აგრესიის მუზეუმი“, მისი სურვილია, მუზეუმი იქცეს სივრცედ, სადაც მშვიდობაზე ისაუბრებენ.
აქ ინახება ფოტოები, რომლებიც ლია ჩლაჩიძეს მეგობრებმა ცხინვალიდან გამოუგზავნეს. ფოტოებზე აღბეჭდილია, თუ როგორ გროვდება რუსული სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ძალა 5 და 6 აგვისტოს როკის გვირაბთან.
ლია ჩლაჩიძეს თქმით, ამგვარი მუზეუმის არსებობა აუცილებელია ეროვნული მეხსიერების დასაცავად, რადგან იგი წარმოადგენს ერის იდენტობას, ისტორიას.
მოგვიყევით მეტი
თუ თქვენ გაქვთ ინფრომაცია, ფოტო ან ჩანაწერი გორის და/ან შიდა ქართლის, მისი მაცხოვრებლებისა თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება, მოგვწერეთ.
მოგვწერეთ